ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის ეზოში

ქუთაისის უნივერსიტეტის ეზოში "ევროპის დღეები 2023"-ის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

"ევროპის დღეები 2023“ -ის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტის ღია სივრცეში საინფორმაციო-ინტელექტუალური შეხვედრა მოეწყო.  ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პარტნიორი ორგანიზაციების კუთხეები, რომლებიც ახალგაზრდებს მოხალისეობას და სხვადასხვა პროექტში ჩართვას სთავაზობენ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე, საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის შესახებ გაიმართა პრეზენტაცია, ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მომავალზე და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დაფინანსებაზე. გარდა ამისა, გაიმართა საქართველოში მოხალისეობის პირველი ვებპლატფორმის Volunteer.ge-ს პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე, რომელმაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე გააკეთა აქცენტი:

"30 წელზე მეტია, ევროკავშირი საქართველოს პარტნიორია. ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული  უამრავი პროექტი სწორედ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, იქნება ეს კულტურული, სამართალდაცვის თუ სხვა ტიპის პროექტები. არ არსებობს დარგი, რომლის განვითარებაშიც ევროკავშირი საქართველოს არ ეხმარება. ეს ორგანიზაცია გვერდით გვიდგას, რათა განვამტკიცოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და ვეზიაროთ ევროპულ ღირებულებებს.  მადლობა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს იმისთვის, რომ აღნიშნული ღონისძიების მოსაწყობად ჩვენი სივრცე შეარჩია", - აცხადებს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე.

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები შეაჯამა და ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

გარდა ამისა, მოეწყო ვიქტორინა, მსურველებს ევროკავშირის შესახებ დასმულ კითხვებზე მოუწიათ პასუხების გაცემა. სწორი პასუხების ავტორებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებაზე ასევე გამოფენილი იყო ხონის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ "ევროპის დღეები 2023"-ის ფარგლებში შექმნილი ნახატები.


ბოლო სიახლეები