ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ყველაფერი სასწავლო პროცესის შესახებ

რას გულისხმობს ადმინისტრაციული რეგისტრაცია?

ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის მიერ უნივერსიტეტის სასარგებლოდ სემესტრული სწავლის საფასურის გადახდას უნივერსიტეტის რექტორის მიერ დადგენილ ვადაში. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა წარმოადგენს აკადემიური რეგისტრაციის გავლის წინაპირობას.

როგორ ხდება აბიტურიენტთა პირველადი რეგისტრაცია?

სასწავლო წლის დაწყებამდე ქუთაისის უნივერსიტეტში აბიტურიენტთა მიღების მიზნით ეწყობა სპეციალური სივრცე, სადაც  შესაბამისი ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერები უზრუნველყოფენ აბიტურიენტთა რეგისტრაციას და მათთვის რელევანტური ინფორმაციის მიწოდებას. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  • ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან დედანი;

  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟების შემთხვევაში);

  • ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი), ასევე ელექტრონული ვერსია CD დისკზე.

როგორ გავაფორმო ხელშეკრულება?

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი სრულწლოვანია, იგი უფლებამოსილია თავად მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას. რაც შეეხება, არასრულწლოვან პირს მას ხელშეკრულების გასაფორმებლად თან უნდა ახლდეს მშობელი/მეურვე/მშობლისგან მინდობილი პირი, რომელმაც თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აბიტურიენტის დაბადების მოწმობა; ხოლო, თუ ხელშეკრულებას ხელს აწერს მინდობილი პირი, მან დამატებით უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.

როდის ვიხდი სწავლის საფასურს?

სწავლის საფასურის გადახდა ხდება ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად. ამასთან, სტუდენტის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია დადგინდეს სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი.

როგორ გავიარო აკადემიური რეგისტრაცია?

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში, სტუდენტი გადის აკადემიურ რეგისტრაციას - ირჩევს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსებს. საგნების არჩევა ხდება ქუთაისის  უნივერსიტეტის  სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის/ბაზის www.unik.ge მეშვეობით. საგნების ასარჩევად სტუდენტს ენიჭება მომხმარებლის სახელი და პაროლი. საჭიროების შემთხვევაში საგნების არჩევაში სტუდენტს ეხმარება ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი.

შემიძლია თუ, არა სწავლის დაწყების შემდგომ არჩეული საგნების შეცვლა?

სტუდენტი უფლებამოსილია სწავლის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში განცხადებით მიმართოს უნივერსიტეტს და მოითხოვოს არჩეულ სასწავლო კურსებში ცვლილების განხორციელება.

რამდენი კრედიტის დაგროვების უფლება მაქვს სასწავლო წლის განმავლობაში?

სტუდენტის სასწავლო დატვირთვა ერთი აკადემიური წლის მანძილზე არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტს.

რა არის GPA?

GPA არის კრედიტებთან შეწონილი საშუალო ქულა, რომელიც გამოითვლება შემდეგი პრინციპით: შეფასების 100 ქულიანი სისტემის 4 ქულიან შეფასებაზე გადასაყვანად 1 ქულა უტოლდება 0.04 ქულას (მაგალითისთვის 100 ქულა უდრის 4, 99 უტოლდება 3.96 და .). სტუდენტის GPA შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სტუდენტთა აკადემიური მოსწრების და აკადემიური მოსწრების პროგრესიის შესაფასებლად.

როდის ხდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა?

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება ხდება კანონმდებლობის ფარგლებში სტუდენტის სტატუსის აღდგენის, შიდა და გარე მობილობით სარგებლობის, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შემთხვევებში, სპეციალური საჭიროებისა და სხვადასხვა აკადემიური მომზადების დონის მქონე სტუდენტისთვის სასწავლო პროცესში ეფექტურად ჩართვის მიზნით. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება ხორციელდება სტუდენტთან შეთანხმებით საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ჩართულობით.

რას ნიშნავს სტუდენტის სტატუსის შეჩერება?

სტუდენტის სტატუსის შეჩერება გულისხმობს, სტუდენტის სტატუსის შეჩერების ვადით სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის არსებული უფლება-მოვალეობისგან დროებით გათავისუფლებას. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს:

  • პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე).

  • უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა.

  • ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

  • სტუდენტსა და დაწესებულებას შორის საგანმანათლებლო მომსახურების  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების (სწავლის საფასურის გადაუხდელობა) დარღვევა;

  • ადმინისტრაციული ან/და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა.

რას ნიშნავს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა?

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოიცემა რექტორის ბრძანება, რაც იწვევს სტუდენტთან დადებული ხელშეკრულების მოშლას.  თუმცა, მხარეები არ თავისუფლდებიან ხელშეკრულების მოშლამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი ურთიერთვალდებულებების შესრულებისგან. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:

  •  საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;

  •  პირადი განცხადება;

  •  სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5-წლიანი ვადის გასვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;

  •  გარდაცვალება ან გარდაცვლილად აღიარება სასამართლოს მიერ;

  •  სტუდენტის მიერ ისეთი დისციპლინური გადაცდომა, რომლისთვისაც უნივერსიტეტის ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის კოდექსით გათვალისწინებულია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა;

  •  მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. 

როგორ ხდება სტუდენტის სტატუსის აღდგენა?

სტატუსშეჩერებული სტუდენტი უფლებამოსილია საკუთარი განცხადების საფუძველზე აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი. სტუდენტის სტატუსის აღდგენა (გარდა სემესტრის განმავლობაში ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზით სტატუსის შეჩერებისა მიზეზისა) დასაშვებია სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 კვირისა. სტატუსშეჩერებულ სტუდენტს უფლება აქვს სტუდენტის სტატუსი აღიდგინოს  შეჩერებიდან 5 წლის მანძილზე.

როგორ ვისარგებლო გარე მობილობით?

უნივერსიტეტში მობილობა ხორციელდება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში, შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრში. მობილობის უფლების მოსაპოვებლად უნდა დარეგისტრირდეთ ელექტრონულ პორტალზე. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში.

როგორ ვისარგებლო   შიდა   მობილობით?

შიდა მობილობა ცხადდება რექტორის ბრძანების საფუძველზე გაზაფხულის და შემოდგომის  სემესტრის დასაწყისში. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.

შიდა მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში.

რა არის პლაგიატი?

პლაგიატი არის სხვისი ინტელექტუალური შრომის შედეგის, ტექსტის, იდეის, კონცეფციის, ვიზუალური ან/და აუდიო-მასალის, ნებისმიერი სახის მონაცემის მითვისება, თარგმნა და გავრცელება შესაბამისი წყაროს მითითების გარეშე.