ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ბლიცინტერვიუ დავით გეგუჩაძესთან

ბლიცინტერვიუ დავით გეგუჩაძესთან

რატომ გადაწყვიტე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

უცხოეთში სწავლა ყოველთვის იყო ჩემი მიზანი. ჯერ კიდევ 2022 წელს გავიმარჯვე გაცვლითი პროგრამის კონკურსში (უკრაინაში) თუმცა, შედეგების გამოცხადებიდან 1 თვეში დაიწყო ომი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს მიზანს  მივაღწევდი და საბოლოოდ შევძელი გაცვლითი პროგრამით ევროპის ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში სწავლა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ქუთაისის უნივერსიტეტს.

როგორ შეარჩიე გაცვლითი პროგრამა?

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი ევროპაში ამიტომ, როდესაც ქუთაისის უნივერსიტეტში გამოცხადდა გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბევრი არ მიფიქრია.

რით განსხვავდება ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სალექციო კურსები ქუთაისის უნივერსიტეტის სალექციო კურსებისგან?

ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩემი მთავარი მიმართულება მარკეტინგია და ხშირად მაქვს განცდა, რომ უმეტესობა თეორიული მასალის ათვისებული მაქვს, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ ქუთაისის უნივერსიტეტს მაღალი კვალიფიციის მქონე აკადემიური პერსონალი ჰყავს. მთავარი განსხვავება არის ის, რომ ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლა ნაკლებად სტრესულია. ვფიქრობ, ესაა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რითაც  ევროპული განათლება გამორჩეულია.

რომელია შენი საყვარელი ფრაზა/სიტყვა ესტონურ ენაზე?

ჩემი საყვარელი ფრაზაა, “Ma ei oska eesti keelt”, რაც ითარგმნება როგორც “ესტონური ენა არ ვიცი”.

როგორ ადაპტირდი ახალ სოციუმთან?

ახალ გარემოში ადაპტირება არასოდეს მიჭირდა, თანაც უკვე მქონდა უცხო ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება. ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ბევრი ქართველი სტუდენტი დამხვდა. თავისუფალ დროს მაგიდის თამაშებსა და ფეხბურთს ვუთმობთ. ფეხბურთის თამაშის დროს გავიცანი ქართველი პროფესორები, რომლებიც ტალინში ესტონელ ახალგაზრდებს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას.

რა გავლენა მოახდინა გაცვლითმა პროგრამამ შენს სამომავლო ხედვებსა და მიზნებზე?

გაცვლითი პროგრამის შემდეგ ჩემი რეზიუმე უფრო მომხიბვლელი გახდა დამსაქმებლებისთვის, მეტიც უკვე მივიღე რამდენიმე შემოთავაზება, თუმცა გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ვჩქარობ.

რა იყო ყველაზე მოულოდნელი და გასაოცარი, რაც გააკეთე ან ნახე ესტონეთში?

ყველაზე გასაოცარი, რაც ესტონეთში აღმოვაჩინე არის რობოტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ითავსებს კურიერის ვაკანსიას. 

რა შეიტყვე საკუთარი კულტურის შესახებ სხვა კულტურულ გარემოში ცხოვრებით?

ქართული კულტურა არის ის, რითაც ნებისმიერი ჩვენთაგანი ვამაყობთ. ბევრმა ახალგაზრდამ იცის ქართული სამზარეულოს, ცეკვისა და მუსიკის შესახებ. სხვა კულტურულ გარემოში ცხოვრებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართული კულტურა მსოფლიოში გამორჩეულია.

რა რჩევას მისცემდი ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც სურთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

არასოდეს მითქვამს უარი ახალ გამოწვევებზე, რასაც საბოლოოდ დაუვიწყარ თავგადასავლამდე მივყავდი. იგივე განცდები დამიტოვა ტალინის გაცვლითმა პროგრამამაც. ჩემი რჩევაა მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც ქუთაისის უნივერსიტეტი სთავაზობს მათ და არ შეუშინდნენ გამოწვევებს.

 


ბოლო სიახლეები