ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში კვლევის პრეზენტაცია ჩატარდა

ქუთაისის უნივერსიტეტში კვლევის პრეზენტაცია ჩატარდა

ქუთაისის უნივერსიტეტში, 26 ნოემბერს, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკო ჩიხლაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა უგულავამ მათ მიერ შესრულებული კვლევის - "საგარეო ვაჭრობა: ტენდენციები, გამოწვევები“ შედეგები წარმოადგინეს.

კვლევა ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევით ინსტიტუტში ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში, შუალედური შედეგები წარდგენილ იქნა გასული წლის თებერვალში ქუთაისის უნივერსიტეტში გამართულ პანელურ დისკუსიაზე და გასული წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენების „საქართველოს ექსპორტის გამოწვევები გლობალური უსაფრთხოების რისკების ზრდის პირობებში” სახით. კვლევის საბოლოო შედეგები თავმოყრილ იქნა აღნიშნულ ავტორთა ახლად გამოცემულ მონოგრაფიაში “საერთაშორისო ვაჭრობის თანამედროვე გამოწვევები: საქართველოს კონტექსტი”.

ავტორებმა ისაუბრეს როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე საქართველოს საგარეო ვაჭრობის ძირითადი ტენდენციების შესახებ, გამოკვეთეს გლობალური უსაფრთხოების რისკების ზრდის პირობებში ჩვენი ქვეყნისთვის არსებული უმთავრესი გამოწვევები. მათ აღწერეს კვლევაში გამოყენებული საერთაშორისო ვაჭრობის თანამედროვე მოდელები, მრავალფაქტორული რეგრესიის განტოლებები, სიმულაციური მოდელირების ელემენტები, წარმოადგინეს მიღებული შედეგების ინტერპრეტირების კონკრეტული შემთხვევები, შესრულებული საპროგნოზო გაანგარიშებები, დასკვნები და რეკომენდაციები.

განხილვაში მონაწილეობდნენ ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, მონოგრაფიის რედაქტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე, რეცენზენტები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ქათამაძე. ასევე, ღონისძიებაზე აზრი გამოთქვეს ქუთაისის უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა.