ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

საერთაშორისო სტუდენტური მობილობა საფრანგეთის დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტში

საერთაშორისო სტუდენტური მობილობა საფრანგეთის დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტში

ქუთაისის უნივერსიტეტი საფრანგეთის დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტური მობილობისთვის შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების, ტურიზმის მენეჯმენტისა და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამების ნებისმიერ მეორე და მესამე კურსის სტუდენტს.


მასპინძელი უნივერსიტეტი: დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტი (ქვიმპერის კამპუსი), საფრანგეთი.

 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი, 4 თვე

 

სასტიპენდიო შეთავაზება: უფასო სწავლა და სტუდენტური საცხოვრებლის ხარჯების დაფარვა.

სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი წარიმართება ქუთაისის უნივერსიტეტის „საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“  შესაბამისად დისტანციურ რეჟიმში Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებით.


·         გამოცდა ინგლისურ ენაში (შაბათი, 17 აპრილი, 14:00 საათი)

სტუდენტს მოეთხოვება ინგლისურ ენაში B2 დონის ცოდნის დადასტურება, ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტის (CEFR) შესაბამისად, ოთხ ენობრივ კომპეტენციაში: მოსმენა, წერა, კითხვა, ლაპარაკი. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასვლის წინაპირობაა გამოცდით განსაზღვრული მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 60-ის დაგროვება. დამატებით დაწესებულია 15-ქულიანი ზღვარი, რომელიც სტუდენტმა ოთხივე კომპეტენციაში უნდა გადალახოს.

თუ სტუდენტი წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ საერთაშორისო სერთიფიკატებს, როგორიცაა: IELTS, TOEFL, CAMBRIDGE, მას არ უწევს აღნიშნული გამოცდის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ იღებს მის სასერთიფიკატო გამოცდის ქულას.


·         გასაუბრება ინგლისურ ენაზე  (ორშაბათი, 19 აპრილი, 14:00 სთ)

გასაუბრებაზე ფასდება კონკურსანტთა მოტივაცია აკადემიური, პროფესიული და პიროვნული განვითარების კუთხით, რომელთაგან თითოეულს ენიჭება მაქსიმუმ 3 ქულა ქუთაისის უნივერსიტეტის „საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესით“ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ერთმანეთთან კონკურენციაში არ შედიან. გამარჯვებულად ცხადდებიან პროგრამების მიხედვით ყველაზე მაღალი შეფასების მქონე კონკურსანტები. პრიორიტეტი მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებიც ინგლისურთან ერთად ფლობენ ფრანგულ ენასაც. 

კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ ქართულენოვანი სააპლიკაციო ფორმა https://bit.ly/3fDR7dU

განცხადებების მიღება დაიწყება 2021 წლის 2 აპრილს და შეწყდება ამავე წლის 9 აპრილს, შუა დღის 12:00 საათზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს. ელ. ფოსტა: [email protected]


ბოლო სიახლეები