ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ნაყოფიერი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ნაყოფიერი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

მიმდინარე წელს, 2 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, ქ. კენტერბერში (გაერთიანებული სამეფო), კენტერბერის ქრისტეს ეკლესიის უნივერსიტეტში (CCCU), ჩატარდა 6-დღიანი ტრენინგ-სემინარი თემაზე „ინოვაციური პედაგოგიკა (ავტობიოგრაფიული ნარატივი) აქტიური მოქალაქეობის, მდგრადობისა და დემოკრატიული მგრძნობელობისთვის“, „ERASMUS +“ საერთაშორისო პროგრამის “CURE” პროექტის „სპეციალური მობილობის“ ფორმატის ფარგლებში.

 

პროექტში მონაწილე საქართველოს და ისრაელის სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების გარდა ტრენინგ-სემინარებს დაესწრო შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ორი წარმომადგენელიც - მარიამ კილანავა და ნინო თორთლაძე. მათ ჰქონდათ  საშუალება ასევე დასწრებოდნენ იქ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემაც  „ავტობიოგრაფიული ნარატივი, როგორც კვლევისა და სწავლების მეთოდი“ ზუსტად შეესაბამებოდა მათი ტრენინგ-სემინარის თემატიკას. ეს დამთხვევა, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ იყო. იგი წინასწარ იყო ორგანიზებული მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორების ალან ბეინბრიჯის და ლინდენ ვესტის მიერ. ამავე პროფესორების თხოვნით, მარიამ კილანავამ მინილექცია ჩაატარა კენტერბერის უნივერსიტეტის კარიერული დაგეგმვის და მონიტორინგის მიმართულების სტუდენტებისთვის.

 

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს შესრულებული სამუშაო დავალების სახით უნდა წარმოედგინათ საკუთარი პრეზენტაციები, თუ როგორ გამოიყენებდნენ შესწავლილ თემატიკას თავიანთ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში, რასაც მარიამ კილანავამ და ნინო თორთლაძემ ბრწყინვალედ გაართვეს თავი. მათი ერთობლივი პრეზენტაცია ეხებოდა სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის, ავტობიოგრაფიული ნარატივის, შესაძლო ეფექტურ გამოყენებას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, კერძოდ, სასკოლო, საუნივერსიტეტო და უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით.

 

მიმდინარე წლის დეკემბერშივე არის დაგეგმილი დიდ ბრიტანეთში შეძენილი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, რათა ჩვენს უნივერსიტეტში კიდევ უფრო გამდიდრდეს თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიური არსენალი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ  კარგა ხანია, რაც შპს ქუთაისის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვის და გაზიარების კუთხით. დიდ ბრიტანეთში ვიზიტამდე, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ანალოგიური მისიით, “CURE” პროექტის ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანი - თეონა გრიგოლაშვილი იმყოფებოდა ავსტრიის ქალაქ ლინცში, ხოლო ზალცბურგს (ავსტრია) ეწვია ამავე ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებელი  - გიორგი ჭუმბურიძე. წინა წლებში კი მსგავსი ვიზიტები განხორციელდა ტალინსა (ესტონეთი) და კრაკოვში (პოლონეთი).  

 


ბოლო სიახლეები